Time Attack საავტომობილო რბოლის სამოყვარულო სახეობაა, სადაც მონაწილეები სარბოლოდ იყენებენ წრიული რბოლის ან დახურული ტიპის სარბოლო ტრასებს. რბოლის პრინციპი ეფუძნება პროფესიონალური წრიული რბოლის საკვალიფიკაციო გარბენების პრინციპს, ანუ მონაწილეთა ტრასაზე გასვლა ხდება ერთმანეთისგან დაშორებული დროის გარკვეული შუალედით. თითოეული მონაწილე შეჯიბრში გამარჯვებისთვის ცდილობს აჩვენოს წრის საუკეთესო დრო. კონკრეტული შეჯიბრის დებულებიდან გამომდინარე თითოეულ მონაწილეს შეიძლება მოუწიოს ერთი ან რამოდენიმე წრის გავლა, ერთი ან რამდენიმე ტურის გავლა, ტურების ან გარბენის სექტორებად დაყოფა და სხვა. საქართველოს ჩემპიონატში Time Attack-ის კლასების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:
- 1500 კუბიკურ სანტიმეტრამდე ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები
- 2000 კუბიკურ სანტიმეტრამდე ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები
- 3000 კუბიკურ სანტიმეტრამდე ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები
- აბსოლუტური კლასი