ქართველი მრბოლელები სომხეთიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ!
აღმართის დაძლევის მომდევნო ეტაპი სომხეთში გაიმართა
საავტომობილო სპორტის წლევანდელ სეზონზე, უკვე მეორედ, აღმართის დაძლევის ეტაპი სომხეთში გაიმართა. საქართველოსა და სომხეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციების ორგანიზებით, ღონისძიება 16 ოქტომბერს, ქალაქ ვედის შემოგარენში შედგა და ეს იყო აღმართის დაძლევაში კავკასიის თასის გათამაშების მესამე ეტაპი. რბოლაში მონაწილეობას ორივე ქვეყნის პროფესიონალი მრბოლელები იღებენ. საქართველოს ინტერესებს 12 მრბოლელი იცავდა და მათ, სხვა ქვეყნის მრბოლელების დამარცხება თითქმის ყველა კლასში მოახერხეს.
კავკასიის თასის გათამაშებას საფუძველი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ ჩაუყარა. წლევანდელი სეზონი ერთგვარი ტესტია ავტოსპორტის ამ საოცარი სახეობისთვის, რომელიც პირდაპირ მორგებულია კავკასიის მთიან ლანდშაფტს, რომელთაგან საინტერესო სარბოლო ტრასები დგება. პირველივე სეზონმა კავკასიის სხვა ქვეყნების ინტერესი გამოიწვია, რაც იმის გარანტიაა, რომ მომავალი სარბოლო სეზონიდან თასისთვის ბრძოლაში სხვა მეზობელი ქვეყნებიც ჩაერთვებიან. წელს თასი 4-ეტაპიანია, ჩემპიონი ოთხივე ეტაპზე დაგროვილი ქულების ჯამით, წლის ბოლოს გამოვლინდება.
გამარჯვებულები სხვადასხვა კლასში გახდნენ: გოგა არჯევანიძე, ერმანიაზ ლუდვიგი, ლექსო მარღანია, შოთა ბაბილოძე და ზუკა ოძელაშვილი.
აღმართის დაძლევაში, კავკასიის თასის დასკვნითი ეტაპი 20 ნოემბერს, საქართველოში, დუშეთის ტერიტორიაზე გაიმართება.
წყარო: www.autobild.ge